იქნება სრული პროტესტი და დაუმორჩილებლობა – ოპოზიციას ახალი ლოზუნგი აქვს

ოპოზიცია ლოზუნგის “მოძრაობა საქართველოსთვის” ქვეშ ერთიანდება.  „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთს უარი ღიად უთხრა და საქართველო უნდა გავიდეს განვითარების გზაზე.

“ვერანაირი დასავლეთი ვერ გვიშველის, თუ ჩვენ არ ვიმოძრავებთ. ამიტომ, ერთადერთი ლოზუნგი, რაც შეიძლება ამ დღეებში, ამ თვეებში, ჩვენს წინ და უკან ეწეროს, არის – “მოძრაობა საქართველოსთვის”.

მხოლოდ და მხოლოდ ერთი იდეით, ერთი ნატვრით, რომ საქართველო გავიდეს განვითარების გზაზე. საქართველოს და განვითარების გზას შორის დგას ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, დიახ, ჩვენ გვინდა ეს ხალხი გვერდზე გავწიოთ, საქართველოს წინ სჭირდება მოძრაობა“,-აცხადებს უგულავა.

გიგი უგულავას განცხადებით, თუ არჩევნები არ დაინიშნება, საქართველოში აქციები გაგრძელდება ყველა რეგიონსა და ქალაქში.

„ ეს ადამიანი წავა, წავა მშვიდობიანი არჩევნებით, წავა აუცილებლად და ჩვენ გვინდა ეს არჩევნები დაინიშნოს. ჩვენ გვინდა ეს არჩევნები დაინიშნოს შეთანხმებით, მაგრამ თუ ეს არჩევნები არ დაინიშნება შეთანხმებით, ეს არჩევნები დაინიშნება იძულებით, იძულებით ხალხისგან, რომელიც გამოვა და იმოძრავებს, იმოძრავებს თავის სოფელში, თავის ქალაქში, თავის ქუჩებში, იქნება სრული პროტესტი და სრული დაუმორჩილებლობა, ამას სჭირდება რამდენიმე თვე, ამას სჭირდება მომზადება. ჩვენ უნდა აღვიჭურვოთ უდიდესი სტრატეგიული მოთმინებით, ჩვენ უნდა დავიაროთ მთელი ქალაქი და გავაცნოთ ის, თუ რა ხდება აქ, რუსთაველზე, რატომ დგას კარვები, იმიტომ რომ დღეს როდესაც პანდემია მძინვარებს, როდესაც ხელისუფლებამ ბოლომდე ჩააფლავა ვაქცინაცია და უამრავი ადამიანი გაწირა, ბედის ანაბარა დატოვა, ადამიანებს აინტერესებთ, რას აკეთებს ქართული ოპოზიცია“, – განაცხადა უგულავამ.