პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრები დღეს დასრულებულია.
მისივე თქმით, დიალოგი პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაგრძელდება.
„ბატონი დანიელსონის ვიზიტმა აჩვენა, რომ მისი ჩართულობა არის ძალიან პროდუქტიული, ძალიან კარგად მიყავს მას დიალოგის პროცესი, ჩვენი სურვილია, ასეთ რეჟიმში გაგრძელდეს დიალოგი და მოლაპარაკებები. ჩვენ დაველოდებით შემდეგ მისიას. მოლაპარაკებები გაგრძელდება უკვე ვიზიტის შემდეგ. შეხვედრები დღეს დასრულებულია, მომდევნო პერიოდში გაგრძელდება დიალოგი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
როგორც კობახიძე აცხადებს, ხელისუფლება ბრიუსელში სავსე ხელებით მიდის.
„პრემიერი ბრიუსელში მიდის ძალიან მსხვილი პაკეტით. უამრავი რამ გაკეთდა და კეთდება ახლაც. ეს არის ასოცირების დღის წესრიგი, რასაც ზედმიწევნით ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება და გვაქვს უპრეცედენტო პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში, ცარიელი ხელებით არის დარჩენილი მხოლოდ ოპოზიცია. მათ აქვთ ცარიელი ხელები, დარჩენილნი არიან ქუჩაში, არიან გაკოტრებულნი. ჩვენ გვაქვს სავსე ხელები, რომლითაც ჩავდივართ ბრიუსელში და ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა კობახიძემ.