კომიტეტის სხდომაზე ნინო ლაცაბიძემ საკუთარ ოლქში ახალგაზრდების გამოწვევებზე ისაუბრა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტი,  ახალგაზრდების დასაქმების მიზნით,  თემატურ მოკვლევას იწყებს. როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, დაინიშნება მოკვლევის ჯგუფიც. თემატური მოკვლევის მიზანი ახალგაზრდების დასაქმებისთვის შესაბამისი გარემოს და დამატებითი სამუშაო სივრცის შექმნაა.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფი შეეცდება შრომის ბაზარზე ახალგაზრდების ჩართულობა გაზარდოს.

კომიტეტის სხდომაზე, რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ საკუთარ სამაჟორიტარო ოლქში  ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

მისი თქმით, რუსთავსა და გარდაბანში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, სწორედ სამუშაო ადგილების ნაკლებობაა.

“თუ გაქვთ გათვალისწინებული, რეგიონების ჭრილში, რამდენად არის ამ კვლევაში ასახული კითხვები. მაგალითისთვის ვიცით, რომ რაღაც ნაბიჯები გადავდგით, უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე 5-10 წლის წინ გქვონდა, მაგრამ დღეს ჩემთვის, როგორც მაჟორიტარისთვის რუსთავში არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომ თბილისი გახდა, რაღაცნაირად, თავკომბალა ყველა მიმართულებით, სერვისები, დასაქმება…

ძირითადად თავმოყრილია დასაქმების ადგილები თბილისში და მაგალითად, რუსთაველ ახალგაზრდას მუდმივად უწევს თბილისში ჩამოსვლა, რომ დასაქმდეს.  რომ ნახოთ დღის განმავლობაში, განსაკუთრებით საღამოს საათებში, ის ტრანსპორტი, რაც თბილისისკენ მიდის, ჩვენ რა დათვლებიც გავაკეთეთ,  30 000 ადამიანი დღის განმავლობაში ტოვებს ქალაქს, ჩამოდის თბილისში და ისევ ბრუნდება უკან. ჩემთვის,  როგორც მაჟორიტარისთვის, საინტერესო იქნება ამ ჭრილით თუ იქნება განხილული რეგიონებში რა პრობლემებია და როგორ შეიძლება ამაზე გავაკეთოთ აქცენტი. “-განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.