ლადო კახაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა.

ლადო კახაძემ აცრა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა.

„ამ დროის შესაბამისად, როცა რაღაც წუთებია გასული, ადგილობრივი რეაქცია არ ყოფილა, არც არანაირი შეგრძნება არ მაქვს. განწყობა კარგი მაქვს. მთავარი არის ჩვენი თანადგომა და ურთიერთპატივისცემა, გონივრული და პრაგმატული მიდგომა –  ეს არის გზა, რომ პანდემიის სახით არსებული ძალიან დიდი გამოწვევა დავძლიოთ და გავიდეთ ამ მდგომარეობიდან. ჩვენ წინ ნახტომისებური განვითარება გველოდება. ამიტომ ჯანმრთელები და აბჯარასხმულები უნდა შევხვდეთ. ვაქცინაცია არის აბჯარი, ორგანიზმის საკუთარი იმუნური სისტემის გაძლიერება და იმ შემთხვევაშიც, თუ ვირუსი აცრილი ადამიანის ორგანიზმში მოხვდება, განადგურდება. ჩვენი ქვეყნის ხელისუფალი მზად ვართ იმ გაიდლაინის შესასრულებლად, რომელიც რეკომენდებული არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ექიმებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ისინი პაციენტებთან ერთად მოწინავეთა რიგში დგანან და მათი გააქტიურება კიდევ ერთხელ მოგვცემს მწვანე შუქის ანთებას პანდემიის დამარცხების გზაზე“, – განაცხადა ლადო კახაძემ.