საოკუპაციო ხაზთან, მავთულხლართების მიღმა, გარდაცვლილი დათა ვანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან გრძელდება.
ცოტა ხნის წინ ხურვალეთში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ჩავიდნენ. მათ მავთულხლართებთან გვირგვინი მიიტანეს და დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, ჯერჯერობით არ აქვს დაზუსტებული პასუხი იმასთან დაკავშირებით, ექნებათ თუ არა შესაძლებლობა დათა ვანიშვილის ნათესავებს დაესწრონ სამოქალაქო პანაშვიდს.
„კიდევ ერთხელ მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო დათა პაპას გარდაცვალების გამო ადამიანის, რომელიც არის არა მხოლოდ ოკუპაციის, არამედ ქართველი კაცის სულით უტეხობის სიმბოლო და დღეს მას მიიბარებს ქართული მიწა“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
ცნობისთვის, დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. მას დღეს დაკრძალავენ.