მარტვილის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ,  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე, გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დაიწყო.

შეგახსენებთ, მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. ადგილზე ჩამოინგრა აივნის მოაჯირი, რის შედეგადაც მედიის წარმომადგენლები რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ.

ცნობისთვის, 7 მარტს, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკონს – კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა. ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში მეუფე სტეფანესა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრას ის 2 დიაკონიც ესწრებოდა, რომელსაც მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აეკრძალა.