“ნამხავანჰესის” წინააღმდეგ აქცია ქუთაისში – გაუქმდეს მთავრობის განკარგულება

ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, „ნამახვანის ჰესების კასკადის” სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქციას  გარემოს დამცველები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები უერთდებიან.

აქციის მონაწილეებს ოთხი ძირითადი მოთხოვნა აქვთ. ერთ-ერთი ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომაა.

“ჩვენი მთავარი მოთხოვნაა გაუქმდეს მთავრობის განკარგულება, რომელიც რიონის ხეობის გადაცემას გულისხმობს უცხოელი ინვესტორის ხელში. მეორე მოთხოვნაა, გაწყდეს ხელშეკრულება კომპანია „ენკასთან“. მესამე, რომ 2015 წლიდან გაცემული ყველა დოკუმენტაცია გაბათილდეს და საბოლოოდ, გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა“, -განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დღეს, 13:00 საათზე, ქუთაისში, ნამოხვან ჰესის მშენებლობის შესახებ იგეგმება მასშტაბური აქცია.

საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე მიმდინარეობს საპოლიციო ძალების მობილიზება. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.