საქართველოს პარლამენტმა “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონი მესამე მოსმენით მიიღო.
კანონპროექტი, რომელსაც რუსთავის ეკოლოგიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სრულიად ახალ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
კანონში შესატან ცვლილებას, საკანონდებლო ორგანოს 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არცერთი იყო.
ახალი რეგულაციების მიხედვით, თუკი საწარმო გარემოს ზიანს მიაყენებს, უჩნდება პასუხისმგებლობა, რომ თავად შეასრულოს ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები.
“კანონპროექტი აყალიბებს სამ ძირითად ახალ პრინციპს: პირველი არის ის, რომ შეიქმნება გარემოსდაცვითი ფონდი და ამ ფონდში აკუმულირებული თანხა მთლიანად გამოიყენება გარემოს აღდგენისთვის. მეორე კომპონენტი, ეს არის ახალი ვალდებულებები ბიზნესისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს მწვანე ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში.
კანონპროექტის თანახმად, საწარმოები ვალდებულები იქნებიან მიმდინარე წლის ზაფხულიდან უზრუნველყონ ჰაერის დაბინძურების თვითმონიტორინგი, რომელიც გულისხმობს ობიექტებში საწარმოთა ციკლის ცვლილებას, რაც უზრუნველყოფს, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება იყოს მინიმუმი, რაც ზოგიერთი ქალაქისთვის, მათ შორის რუსთავისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა,” – განაცხადა მაია ბითაძემ
ამასთან, მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით, კანონპროექტს სრულიად ახალი, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული სისტემა შემოაქვს.
“პასუხისმგებლობის ახალი სისტემის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ საწარმო რომელიც აბინძურებს თვითონ არის ვალდებული გასწიოს ამ ზიანის სათანადო ხარჯები. ამ კანონით მსხვილმასშტაბიან საწარმოებს, რომელთა საქმიანობა შეიძლება უკავშირდებოდეს გარემოს დაზიანების რისკებს, 2023 წლიდან უჩნდებათ ვალდებულება წინსწრებით მოახდინონ ფინანსური რესურსების მობილიზება საბანკო გარანტიით თუ დაზღვევის სახით.
მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან საქართველო არის პირველი ქვეყანა რომელიც ქმნის გარემოს დაცვის ფონდს და ეს არის ფონდი სადაც გარემოს დაცვის შედეგად გადახდილი თანხები მიემართება გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში.
თუკი საწარმო გარემოს დააბინძურებს და დროულად არ აღმოფხვრის დაზიანებებს, მის მიმართ პასუხისმგებლობის ზომა იქნება საკმაოდ მაღალი. ეს ყველაფერი მიმართულია იქით, რომ ჩვენ მაქსიმალურად გავზარდოთ საწარმოების პასუხისმგებლობის გრძნობა. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის შესახებ კანონში ცვლილებები მიმდინარე წლის ივნისიდან ამოქმედდება და ეს რეგულაციები შეამცირებს სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურებას. ეს არის ის რეფორმა, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები განსაკუთრებით სამრეწველო ქალაქებში ელოდებიან, სადაც ჰაერის დაბინძურების პრობლემა აქტუალური გახლავთ,” – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.