პრემიერი: მზად ვარ, ოპოზიციასთან შეხვედრას დავესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მზად არის, დღეს ოპოზიციასთან შეხვედრა გამართოს. ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვედრის ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, გამოვეხმაურო შარლ მიშელის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. მინდა, დავადასტურო საჯაროდ – მე ვარ მზად, ამ შეხვედრას დავესწრო და მივიღო შეხვედრაში მონაწილეობა. მინდა, მზაობა დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის და რეალური, კონსტრუქციული დიალოგისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის ბატონ პრეზიდენტს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს საღამოს შედგეს შეხვედრა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.