პროკურატურამ დედის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 29 იანვარს, ქ.სენაკში ო.ბ.-მ გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მოკვლის მიზნით, ორლულიანი თოფის გამოყენებით, ახლო მანძილიდან გასროლის შედეგად, დედას, რ.თ.-ს, სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად რ.თ-ს სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-19-109 მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სენაკის რაიონულმა სასამართლომ ო.ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.