ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ამ დროისთვისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 1 400-ზე მეტი პაციენტი რჩება ჰოსპიტლებში, 80 პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, 3 000-ზე მეტი საწოლი კი რჩება მობილიზებული.
მისივე თქმით, მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველო მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინას.
„მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს წესების დაცვით კუთხით. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, 1467 პაციენტი რჩება ჰოსპიტლებში, აქედან 299 არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 80 პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, 3000-ზე მეტი საწოლი რჩება მობილიზებული იმ შემთხვევისთვის თუ დაგვჭირდება მათი გამოყენება იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემის პასუხი იყოს დაუყოვნებელი. რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, 4000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი არის დღევანდელი მდგომარეობით აცრილი. ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება 25 მარტიდან 65 წელს ზემოთ პირებისთვის. ეს არის ის გადაწყვეტილება, რაზეც გუშინ იმსჯელა უწყებათაშორისი ვაქცინაციის საბჭომ და დღესაც საკოორდინაციო საბჭოზე ეს გადაწყვეტილება იქნა მხარდაჭერილი. პროცესი დაიწყება 25 მარტიდანვე ანუ 65 წლის ზემოთ პირებს შეუძლიათ რეგისტრაციაც და ასევე, უკვე ჩაეწერონ და მივიდნენ ვაქცინაციაზე, თუკი ამისი შესაძლებლობა 25-შივე იქნება. ამ კვირის ბოლომდე ველოდებით „ფაიზერის“ ვაქცინას, ასე რომ, როგორც სამედიცინო პერსონალს, ასევე 65 წელს ზემოთ პირებსაც ექნებათ საშუალება, გააკეთონ არჩევანი, რა თქმა უნდა, გარკვეული ლიმიტების ფარგლებში, „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ შორის და შემდეგ უკვე ველოდებით დამატებით დოზებსაც აპრილის ბოლოსკენ, რაც, ასევე, განსაზღვრულია „კოვაქსის“ პლატფორმით,“- განაცხადა გაბუნიამ.