ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ხელმძღვანელობით, ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, რომელიც უახლოეს პერიოდში, წალკის, ბოლნისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში, საგზაო ინფრასტრუქტურისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობის მიმართულებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
საერთო ჯამში, ცენტრალური ბიუჯეტიდან ქვემო ქართლის მხარეს 5 მილიონ 337 ათას 403 ლარი გადაეცემა. ამ თანხიდან, 17 ათასი ლარი წალკაში 9 აპრილის მემორიალისა და სკვერის, 247 ათასი ლარი ბოლნისის მუნიციპალიტეტში დავით აღმაშენებელის ქუჩის მიმდებარე სკვერისა და 2 მილიონ 207 ათასი ლარი მარტყოფში გზის რეაბილიტაციას მოხმარდება.
თუმცა, სხდომაზე პრიორიტეტად წალკის მუნიციპალიტეტში არსებულ კანიონამდე მისასვლელი გზის მოწყობა და დაშბაშის კანიონის გასახსნელად ჩასატარებელი სამუშაოები დასახელდა.