პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის უწყებებს დაავალა, გაამკაცრონ ყველა იმ რეგულაციის აღსრულების კონტროლი, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციისკენაა მიმართული.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„ იზრდება ინციდენტობის და დადებითობის მაჩვენებელი, რაც ძალიან საყურადღებოა. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დადგენილი რეგულაციების დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ვინაიდან ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფამ, შესაძლოა, ქვეყანა ვირუსის გავრცელების მესამე ტალღისა და, შესაბამისად, ახალი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობის წინაშე დააყენოს. საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია, გამოიყენონ პირბადე და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია.
მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, შესაბამისი უწყებების მხრიდან კიდევ უფრო გამკაცრდება ყველა იმ რეგულაციის აღსრულების კონტროლი, რომელიც მიმართულია ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ. იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურდება, საბჭო მზად არის, იმსჯელოს ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის გარკვეულ შემსუბუქებაზეც“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.