როგორ უნდა დარეგისტრირდეთ – რუსთავში ვაქცინაცია ხვალიდან იწყება

სამედიცინო პერსონალს კოვიდვაქცინაციის ჩატარების მიზნით,  სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია უკვე შეუძლია.  ვაქცინაცია პირველ ეტაპზე იმ სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება, რომელიც კოვიდპაციენტებთან უშუალო შემხებლობაშია.

პლატფორმა booking.moh.gov.ge თავდაპირველად სწორედ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ვინაიდან, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, პირველ ეტაპზე სწორედ სამედიცინო მუშაკები უნდა აიცრან.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის პროცესისთვის საქართველოში 82 ამცრელი ცენტრია გამზადებული. რუსთავში ასეთი N1 და N2 დიაგნოსტიკური ცენტრები იქნება.

ვაქცინაცია უფასოა  და როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს, სახელმწიფო აფინანსებს.

ამასთან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ თავად გადაწყვიტონ, თუ რომელ დიაგნოსტიკურ ცენტრში დარეგისტრირდებიან და გაიკეთებენ კოვიდვაქცინას.

“ასტრაზენეკას” ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში 13 მარტს შემოვიდა.