დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ვაქცინაციისთვის მზად არის 82 ამცრელი ცენტრი. 15 მარტიდან ვაქცინაცია 29 ცენტრში დაიწყება. თბილისსა და ყველა რეგიონულ ცენტრში გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, შერჩეულ ცენტრებს იმუნიზაციის პროცესში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ.
„თბილისში იქნება 10, ქუთაისსა და ბათუმში 4-4, რუსთავსა და ზუგდიდში 2-2, დანარჩენ რეგიონულ ცენტრებში კი თითო ასეთი ცენტრი იქნება. 17 მარტს ამას დაემატება კიდევ 35 დაწესებულება, 19 მარტი კი კიდევ 23 დაწესებულება. ერთი კვირის შემდეგ, ვაქცინაციის პროცესი გაიშლება ქვეყნის ყველა მუნიციპალურ ცენტრში. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იქნება მაქსიმალური, რათა შემოსული დოზები მოკლე ვადებში ავითვისოთ. იცით, რომ ვაქცინაცია კეთდება ორჯერადად, მეორე აცრა კეთდება 8-12 კვირის ვადაში და ამისთვის აპრილის მეორე ნახევარში AstraZeneca-ს დამატებითი პარტია შემოვა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, მედპერსონალის შემდეგი ვაქცინაციის სამიზნე ჯგუფი იქნება მოხუცთა სახლებში მყოფი ხანდაზმულები და მათი მომვლელი პერსონალი, მესამე პრიორიტეტული ჯგუფი კი 75 წელს გადაცილებული მოსახლეობა იქნება.
.