ქალაქის ისტორიული უბნის, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება. პროექტის პრეზენტაცია რუსთაველის ქუჩაზე შედგა.
ღონისძიების ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტის ამსახველი ბანერები გამოიფინა. პრეზენტაციას რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და რიგითი რუსთაველები დაესწრნენ.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია რუსთაველის ქუჩის #4, #8, #12, #16 და ჭავჭავაძის ქუჩის #6, #8 საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
პროექტის ფარგლებში, სრულად აღდგება კორპუსების ფასადები და დამონტაჟდება დეკორატიული განათებები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება საცხოვრებელი შენობების მიმდებარე ტერიტორიას – დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ტროტუარები, მოეწყობა დაწნეხილი ბეტონის ბორდიურები, გაზონები და სარწყავი სისტემა, გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებს შორის განთავსდება ლითონის დეკორატიული ღობე, განახლდება გარე განათების ქსელი.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 2 მლნ 400 000 ლარია.
რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.