მთავრობის ადმინისტრაციასთან ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების, სამოქალაქო აქტივისტების და პოლიტიკური პარტიების წევრების ორგანიზებით, მდუმარე აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით ,,სად არის ვაქცინა” გაიმართა.
ადგილზე შეკრებილები ქვეყანაში ვაქცინაციის დაგვიანებას აპროტესტებენ. აქცია-პერფორმანსის ფარგლებში, მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით ,,სად არის ვაქცინა? 108 ქვეყანაში, საქართველოში – 0” და სხვა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღევანდელი პროტესტი არის ყველა იმ მოქალაქის, რომელსაც ქვეყანაში ვაქცინაციის ბედი ანაღვლებს.
,,ჩვენ ოფიციალური უწყებებისგან არ გვაქვს პასუხი რას ვაპირებთ, იმაზეც კი დაიწყეს საუბარი, რომ ,,კოვაქს” პლატფორმას შეიძლება უჩივლონ. ეს ყველაფერი იწვევს ძალიან დიდ ეჭვებს, ამიტომ გვაქვს ლეგიტიმური კითხვები: სად არის ვაქცინა, როდის შემოვა ვაქცინა საქართველოში”- აღნიშნა ჯანდაცვის ექსპერტმა მარიამ ქასრაშვილმა.