სტოლტენბერგი: ვაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების კუთხით

საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ნატო-სთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგის განმარტებით, საქართველოს და ნატო-ს მჭიდრო პარტნიორობა აქვთ.

„საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ნატო-სთვის. ჩვენ მჭიდრო პარტნიორობა გვაქვს – პოლიტიკური და ძლიერი პრაქტიკული თანამშრომლობა. ჩვენი ძალები ერთად, გვერდიგვერდ მსახურობენ ავღანეთში და ასწავლიან ადგილობრივ სამხედროებს და იმედი გვაქვს, რომ ეს ქვეყანა, ავღანეთი ჩვენი ძალისხმევით არასოდეს აღარ გახდება საერთაშორისო ტერორიზმის ოაზისი. მადლობლები ვართ საქართველოს მრავალწლიანი ძალისხმევისათვის ამ მიმართულებით”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ალიანსი გააგრძელებს საქართველოსთან ერთობლივი წვრთნების და სწავლების გაძლიერებას და ერთობლივი სიტუაციური დაკვირვების გაძლიერებას, შავი ზღვის რეგიონის ჩათვლით.

ამასთან, მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია ბუქარესტში, 2008 წელს და ალიანსი მყარად არის ამ გადაწყვეტილების ერთგული და აგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების კუთხით.

„ჩვენ ვაფასებთ მჭიდრო პარტნიორობას ნატოს და საქართველოს შორის და ჩვენ ძლიერად ვუჭერთ მხარს საქართველოს ძალისხმევას, რომ განახორციელოს რეფორმები და ვაგრძელებთ როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერის უზრუნველყოფას. მოკავშირეები დგანან ამ მკაფიო გზავნილის გვერდით. ყველა მოკავშირეს ვთხოვ, ქვეყნისადმი პრაქტიკული მხარდაჭერა გამოხატონ. ასევე მყარად მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს საკუთარი რეფორმების განხორციელება, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ამ მიზანს. ეს იყო კიდეც ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მე ვისაუბრე პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს ბუქარესტში, 2008 წელს და მყარად ვართ ერთგულები ამ იდეის და გადაწყვეტილების და ვაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების კუთხით”, – განაცხადა იენს სტოლტენგებრმა.