ოპოზიციურმა პარტიებმა ულტიმატუმების ენით საუბარი ვერ და არ მოიშალეს. ეს მათ განზრახვაზე მკაფიოდ მეტყველებს, რომ მოლაპარაკება ჩაშალონ და ხელი არაფერს მოაწერონ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარის თქმით, ოპოზიციის მიზანია, ქვეყანაში მუდმივი არეულობა იყოს.
„მათი მიზანია სიტუაცია არ დალაგდეს, რომ ვერც ეკონომიკაზე ვიფიქროთ, ვერც „კოვიდის“ დამარცხებაზე, ვეღარც ჩვენს სტრატეგიულ ამოცანებზე, როგორიცაა საქართველოს განუხრელი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატო-ში. ისინი თავის შანსს მხოლოდ ამ შემთხვევაში ხედავენ, რომ როგორმე, ეს ქვეყანა ხელში კიდევ ერთხელ ჩაიგდონ. დაველოდოთ, რას იტყვის ოპოზიცია და რა დოკუმენტი დაიდება.“, – განაცხადა სუბარმა.
სოზარ სუბარის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, ნიკა მელია ციხეში იჯდეს.
„როგორც კი გირაოს გადაიხდიან, მელია თავისუფალი იქნება. ამის გაკეთება არ უნდათ და ვიღაც ადვოკატების, თუ ფსიქოლოგების არასერიოზულ განცხადებებზე ტყუილად ტეხენ ხმაურს, რომ „ფანდრაიზინგი“ მიმდინარეობს, რათა მელია გათავისუფლდეს. თუ გამოშვება შეუძლებელია, ასეთი ისტერიკა რატომ დაიწყეს? მელია გათავისუფლდება მხოლოდ მაშინ, როცა მელია, მისი ოჯახის წევრები ან მისი პარტია გადაიხდის თანხას.”-განაცხადა სოზარ სუბარმა.