უდუმაშვილი: არჩევნები რომ არ გადაიხედება, ეს ფაქტია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნებია. ამის შესახებ უდუმაშვილმა რუსთავში, ნიკა მელიას მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან იმ შემთხვევაში დაჯდება, თუ ნიკა მელია გათავისუფლდება. 

„ნიკა მელიას გათავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი, რომ დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი. მოლაპარაკებათა მაგიდასთან რომ დავსხდეთ, ამისთვის გარკვეული წინაპირობები უნდა შესრულდეს. თუ არ შესრულდა ეს წინაპირობები, მოლაპარაკებებსაც აზრი არ ექნება. ამიტომ მოლაპარაკებები დაიწყება თუ არ დაიწყება, ეს არის დღეს ხელისუფლების ხელში და არა ოპოზიციის ხელში. ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯი. მკვეთრი ნაბიჯები იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები არ შედგა და ხელისუფლება დარჩა იმ პოზიციაზე, რომელზეც ახლა დგას.

რაც უფრო დრო გადის პლებისციტის იდეა მით უფრო კარგავს აზრს, რადგან პლებისციტი მაშინ იყო შეთანხმების საგანი, როდესაც ჩვენ მას ვთავაზობდით ხელისუფლებას ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ. ახლა თუ დროულად არ იქნა მიღებული გადაწყვეტილებები, აღარც პლებისციტს ექნება აზრი და არანაირ შემოვლით გზებს. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები. ამ ახალ არჩევნებამდე რა გზით მივალთ, ეს შეიძლება იყოს მოლაპარაკებების საგანი, მაგრამ ახალი არჩევნები რომ არ გადაიხედება ეს ფაქტია“, – განაცხადა უდუმაშვილმა.