ღარიბაშვილი: სულ მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება შესაძლებელი

სულ მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება შესაძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში კორონავირუსის მართვის მიმდინარეობასა და ვაქცინაციის პროცესზე.

„მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა ვაქცინის პირველი პარტია და ჩვენ, პირველ რიგში, დავიწყეთ სამედიცინო პერსონალის აცრა. სულ მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება შესაძლებელი“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ამასთან, პრემიერის თქმით, წელს 300-მდე სოფლის ამბულატორია აღიჭურვება, რაც გააუმჯობესებს როგორც სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობებს, ისე პირველადი ჯანდაცვის სერვისებს.

„დღეს მთავრობის სხდომაზე ერთ-ერთი საკითხი შეეხება პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესების საკითხს. ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, წელს 300-მდე სოფლის ამბულატორია აღიჭურვება, რაც კიდევ ერთხელ გააუმჯობესებს სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობებს და ასევე პირველადი ჯანდაცვის სერვისებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.