ჯანდაცვის სამინისტრო მედიკოსებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მედიკოსებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და იწყებს საინფორმაციო კამპანიას „აიცერი, ვაქცინა გვიცავს“.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ვაქცინაციის პროცესში, საერთო სახის რეკომენდაციებს ავრცელებენ და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებენ.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული და იგი აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტურობის და ხარისხის მკაცრ სტანდარტებს. ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობისა და სიკვდილობის რისკს. ვაქცინა პანდემიის დასასრულია. სპეციალისტების განცხადებით, აცრის პირველი დოზის მიღების შემდეგ, მოქალაქე დაცულია ინფიცირებისგან. აუცილებელია ვაქცინის ორივე დოზის მიღება სრული იმუნიტეტის მისაღწევად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მიღებული გაქვთ ვაქცინის ორივე დოზა, აუცილებელია, დაიცვათ სოციალური დისტანცია და ატაროთ პირბადე. აცრის დრო წინასწარაა ჩანიშნული, რათა თავიდან იქნას აცილებული ხალხმრავლობა.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა 3 თვეზე მეტია, გამოიყენება გაერთიანებულ სამეფოში, ევროკავშირის ქვეყნებში, კანადაში, ავსტრალიაში და მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში. ევროკავშირში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილია 5 მილიონი, გაერთიანებულ სამეფოში 11 მილიონზე მეტი ადამიანი. „კოვიდ-19“-ის ვაქცინაცია ინდივიდუალური უფლება და საყოველთაო პასუხისმგებლობაა! აიცერი და დაიცავი შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა! ვაქცინა გვიცავს! ერთად შევაჩეროთ „კოვიდ-19“-ის პანდემია!“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.