თბილისში 1-ელი აპრილიდან სატრანსპორტო სქემის ახალი ინტეგრირებული სისტემა ამოქმედდება, რომელიც ახალ, ლურჯ მიკროავტობუსებში მგზავრობის ტარიფის ცვლილებას ითვალისწინებს.
ცვლილების თანახმად, 300 ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობა 80-ის ნაცვლად 50 თეთრი ეღირება და გულისხმობს, რომ ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათნახევრის განმავლობაში შეეძლება მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა.
როგორც თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძეაცხადებს, მგზავრები მიკროავტობუსებშიც ისარგებლებენ ყველა იმ საშეღავათო პირობებით, რაც ახლა მეტროსა და ავტობუსებში მოქმედებს.
“რაც შეეხება მიკროავტობუსების ტარიფის ზრდას, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, არც განიხილება. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვატარებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებულ სატრანსპორტო პოლიტიკას, მნიშვნელოვანი იყო, რომ მომხდარიყო მეტროსთან და ავტობუსთან მიკროავტობუსის სინქრონიზაცია და ინტეგრირება გადახდის სისტემაშიც. სწორედ აქედან გამომდინარე დადგინდა ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული მიაკროავტობუსების ფასი 50 თეთრის ოდენობით. ეს იყო ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი“, – განაცხადა ხმალაძემ.