2 000-ზე მეტი სკოლიდან დისტანციურ სწავლებაზე 20-მდე სკოლაა გადასული

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის ინფორმაციით, 2285 სკოლიდან დისტანციურ სწავლებაზე 17 სკოლაა გადასული.

მისივე ინფორმაციით, ინფიცირების მაჩვენებელი მოსწავლეთა საერთო რაოდენობიდან 0,01 პროცენტს შეადგენს, მასწავლებლებისა და სკოლის მოსწავლეთა საერთო რაოდენობიდან კი 0.1%-ს.

დგებუაძის განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საგნის დისტანციურ რეჟიმში გადატანის მოთხოვნა სკოლის 69 პედაგოგმა შეიტანა.

„ჩვენ შევქმენით სკოლებში მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც ჩაშენდა ჩვენს ელექტრონულ პორტალზე. ბრძანებით დაევალა საგანმანათლებლო რესურს ცენტრებს მონიტორინგში მონაწილეობა და ყოველდღიურად მუნიციპალურ დონეზე მიმდინარეობს მონიტორინგის პროცესი. ამაში ჩართულია განათლების სამინისტროს შესაბამისი სამმართველო, ასევე ზოგადი განათლების დეპარტამენტი ყოველ კვირის ბოლოს ამუშავებს ამ მონაცემებს და ჩვენ რეკომენდაციის სახით ვუბრუნებთ სკოლებს, რა გამოწვევების წინაშე იდგა სკოლა და რა ხარვეზები არსებობს, რომელიც სკოლამ უნდა გამოასწოროს.

მოსწავლეების საერთო რაოდენობის 0,01 პროცენტი არის ინფიცირებული დღევანდელი მონაცემებით, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები – 0.1%, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 17 სკოლა არის გადასული დისტანციურ სწავლებაზე 2285 სკოლიდან და 145 საკლასო ოთახი.

აქვე მინდა განვმარტო, რომ განათლების სამინისტრო არ იღებს გადაწყვეტილებას სკოლა ან საკლასო ოთახი გადავა დისტანციურ სწავლებაზე თუ არა, ამას ადგენს ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრები და სწორედ მათი რეკომენდაციის საფუძველზე ხდება საკლასო ოთახის, კლასის თუ სკოლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა“, – აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.