ღარიბაშვილი: მე როგორც მთავრობის მეთაურმა სრული მხარდაჭერა აღვუთქვი ეკლესიას

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და კათოლიკოს პატრიარქის შეხვედრა საპატრიარქოში დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, დღევანდელი შეხვედრით პატრიარქისა და ეკლესიის მიმართ გუნდის მოკრძალება გამოხატა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში პატრიარქისა და ეკლესიის მიმართ შეტევა განხორციელდა, რაც მიუღებელი და ანტისახელმწიფოებრივია.

“ჩემთვის, ყოველთვის დიდი ბედნიერება და პატივია ჩვენს უწმინდესთან, პატრიარქთან შეხვედრა. დღევანდელი შეხვედრით, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი დიდი პატივისცემა, მოკრძალება და სიყვარული ჩვენი პატრიარქის მიმართ, მთლიანად ეკლესიის და საპატრიარქოს მიმართ. მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი დრო არის გამოწვევებით აღსავსე, ჩვენ გავხდით მომსწრენი უპრეცედენტო შეტევისა ეკლესიის და უშუალოდ, პატრიარქის წინააღმდეგ. არნახული ცილისწამებების კასკადები ვიხილეთ და მოვისმინეთ, რაც, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი, არის ანტისახელმწიფოებრივი, არის მტრული და არ ემსახურება ჩვენი ხალხის, ქვეყნის და ეკლესიის ინტერესებს.

მეორეს მხრივ, მე როგორც მთავრობის მეთაურმა, სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა, რაც შემეძლება, ეკლესიას აღვუთქვი, დავუდასტურე კიდევ ერთხელ ჩემი მოკრძალებული პატივისცემა და სიყვარული,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.