NCDC: აპრილში ვაქცინის 86.000 დოზა შემოვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით საქართველო კორონავირუსის ვაქცინის შემდეგ დოზებს აპრილის მეორე ნახევარში მიიღებს.

“ვაქცინის 43 200 დოზა არის ვაქცინის პირველი პარტია, მეორე პარტია, რომელიც შემოვა აპრილის მეორე ნახევარში იქნება დაახლოებით 86 000 დოზა. ჩვენი ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე აიცრებიან მთავარი პრიორიტეტული ჯგუფი – სამედიცინო მუშაკები”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე ექიმებს მოუწოდა, რომ ვაქცინაციის დაწყებით მაგალითი მისცენ საზოგადოებას.

“მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, რომ ორშაბათიდან, როცა ვაქცინაცია დაიწყება, მისცენ მაგალითი მთლიანად საზოგადოებას ამ ყველაზე დიდი სიკეთის შესახებ, რაც კი კაცობრიობას მოუგონია ამ ორასი წლის განმავლობაში”, – თქვა მან.