ქვეყნებმა არ უნდა შეაჩერონ “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენება თრომბის განვითარებას ვაქცინაციას შორის კავშირის შიშით, ვინაიდან ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს — ასეთია “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” პოზიცია “ასტრაზენეკას” ვაქცინის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.
როგორც ორგანიზაციის პრესსპიკერმა, მარგარეტ ჰარისმა ბრიფინგზე განაცხადა, “ასტრაზენეკა შესანიშნავი ვაქცინაა” და არ დადგენილა მიზეზობრივი კავშირი მასსა და ჯანმრთელობის ზემოხსენებულ პრობლემებს შორის.
“ძალიან მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რომ დიახ, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება”, — აღნიშნა მან.
“ასტრაზენეკას” გამოყენებით ვაქცინაციის პროცესი ევროპის რამდენიმე ქვეყანამ დროებით შეაჩერა, თუმცა რამდენიმე მსხვილმა ორგანიზაციამ და თავად მწარმოებელმა კომპანიამ ამის საჭიროება გამორიცხეს.
“ასტრაზენეკას” ვაქცინის გარშემო კითხვები მაშინ გაჩნდა, როცა დანიაში აღნიშნული ვაქცინით აცრილ რამდენიმე ადამიანს თრომბი განუვითარდა, 1 შემთხვევა კი ფატალურად დასრულდა. ასე გახდა დანია პირველი ქვეყანა, რომელმაც “ასტრაზენეკას” გამოყენება 14 დღით შეაჩერა.
CNN-ის ცნობით, დანიის შემდეგ მსგავსი გადაწყვეტილება ნორვეგიამ და ისლანდიამაც მიიღეს.
სხვა დიდმა ქვეყნებმა, მათ შორის, გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ნიდერლანდებმა, მექსიკამ და ნიგერიამ ჩვეულებრივ განაგრძეს “ასტრაზენეკათი” ვაქცინაციის პროცესი.
თავად მწარმოებელი კომპანია აღნიშნავს, რომ არ არსებობს თრომბის განვითარების მომეტებული რისკის მტკიცებულება ვაქცინით აცრილთა შორის.