გიორგი შაქარაშვილის დედა ბრალდებულების უმკაცრესად დასჯას ითხოვს

სამართლიან განაჩენს ვითხოვ, ხუთივე ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის დედამ, თამარ შალვაშვილმა მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან განაცხადა.

რამდენიმე წუთში სასამართლო განაჩენი უნდა გამოცხადდეს.

საქმის განხილვა თითქმის ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალი ხუთ პირს აქვს წაყენებული. მათგან ორი არასრულწლოვანია, რის გამოც სხდომები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

განაჩენს მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და ამ საქმის განმხილველი მოსამართლე ბიძინა სტურუა გამოაცხადებს. წინა სხდომებზე დაკავებულების ოჯახები აცხადებდნენ, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

პროკურატურის განცხადებით, დაკავებულმა პირებმა 19 წლის ფეხბურთელს ჯერ ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, რის შემდეგაც მდინარე არაგვში ჩააგდეს. აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფენ დაკავებულების ადვოკატები. არც ერთი დაკავებული წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

განაჩენის გამოცხადება მცხეთის რაიონულ სასამართლოში 15:00 საათზეა დაგეგმილი.