თანდილაშვილი: საწარმო რომელიც აზიანებს, თვითონ გასწევს ამ ზიანის სათანადო ხარჯებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონპროექტს სრულიად ახალი პასუხისმგებლობის სისტემა შემოაქვს.

მისივე განცხადებით, ახალი რეგულაციების მიხედვით, თუკი საწარმო გარემოს ზიანს მიაყენებს, უჩნდება პასუხისმგებლობა, რომ თავად შეასრულოს ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები.

“კანონპროექტს შემოაქვს სრულიად ახალი ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული სისტემა. ახალი რეგულაციების მიხედვით, თუკი საწარმო საქმიანობის პროცესში დააბინძურებს ან მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს გარემოს, უჩნდება პასუხისმგებლობა რომ თავად შეასრულოს ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები.

პასუხისმგებლობის ახალი სისტემის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ საწარმო რომელიც აბინძურებს თვითონ არის ვალდებული გასწიოს ამ ზიანის სათანადო ხარჯები. ამ კანონით მსხვილმასშტაბიან საწარმოებს, რომელთა საქმიანობა შეიძლება უკავშირდებოდეს გარემოს დაზიანების რისკებს, 2023 წლიდან უჩნდებათ ვალდებულება წინსწრებით მოახდინონ ფინანსური რესურსების მობილიზება საბანკო გარანტიით თუ დაზღვევის სახით.

მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან საქართველო არის პირველი ქვეყანა რომელიც ქმნის გარემოს დაცვის ფონდს და ეს არის ფონდი სადაც გარემოს დაცვის შედეგად გადახდილი თანხები მიემართება გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში.

თუკი საწარმო გარემოს დააბინძურებს და დროულად არ აღმოფხვრის დაზიანებებს, მის მიმართ პასუხისმგებლობის ზომა იქნება საკმაოდ მაღალი. ეს ყველაფერი მიმართულია იქით, რომ ჩვენ მაქსიმალურად გავზარდოთ საწარმოების პასუხისმგებლობის გრძნობა.  ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის შესახებ კანონში ცვლილებები მიმდინარე წლის ივნისიდან ამოქმედდება და ეს რეგულაციები შეამცირებს სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურებას. ეს არის ის რეფორმა, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები განსაკუთრებით სამრეწველო ქალაქებში ელოდებიან, სადაც ჰაერის დაბინძურების პრობლემა აქტუალური გახლავთ,” – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.