თურნავა: ხელახალი კვლევების ჩატარებამდე ნამახვანჰესის მშენებლობა არ დაიწყება

ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ქუთაისში, ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით “რიონის ხეობის მცველებს” ხვდებიან. შეხვედრას ორივე მხარის მიერ მოწვეული ექსპერტები ესწრებიან.

ნათია თურნავას განცხადებით, პროექტთან დაკავშირებით რამდენიმე სიახლეა. მისი თქმით, სამინისტრომ მოლაპარაკებები აწარმოა მშენებელ კომპანია “ენკასთან” და  რამდენიმე პუნქტზე შეთანხმდნენ. კერძოდ,  კომპანია არ დაიწყებს ძირითადი ნაგებობების მშენებლობას, როგორებიცაა კაშხალი და წყალსაცავი, სანამ ძირითადი კვლევები არ გადამოწმდება.

სახელმწიფო დაიქირავებს დამოუკიდებელ და რიონის ხეობის მცველების ნდობით აღჭურვილ ექსპერტებს, ასევე ქართველ სპეციალისტებს. მანამდე კომპანია იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გააგრძელებს, რომელიც შემდგომ სახელმწიფოს გადაეცემა.

შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი, რომელიც დაახლოებით ხუთი მილიონი ლარის ოდენობის იქნება. ფონდი ხეობის მოსახლეობის საჭიროებებს დააფინანსებს.

კომპანიაში დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც ადგილზე გაუძღვება სამუშაოებს.

„ასევე მიღწეულია კომპანიასთან შეთანხმება – ჩვენი მოთხოვნით, დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც გაუძღვება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს. ეს არის სახელმწიფოს მეტი ჩართულობა და აი, ამ ჩართულობის, ბერკეტის მეშვეობით, ჩვენ მეტ გარანტიას უზრუნველვყოფთ, რათა იქ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების უფლებები იყოს ბოლომდე დაცული. ასევე, მოსახლეობასთან შედგეს სწორი კომუნიკაცია და პროექტის უსაფრთხოება იყოს დაცული.

გარდა ამისა, შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან. მათ შორის, ნებისმიერი თქვენგანი შეძლებს მასში მონაწილეობას, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს პროექტს, რათა საბოლოოდ გამოირიცხოს პროექტის უსაფრთხოებაზე რაიმე ჭოჭმანი, ეჭვები. ვფიქრობთ, ყველა ამ ჩამოთვლილი ღონისძიების მიხედვით, ჩვენ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვიღებთ. მთავარია, რომ „ნამახვანჰესი“ არ არის პროექტი, რომელიც ეკუთვნის ერთ რომელიღაც კომპანიას. მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი ინვესტორი აშენებს „ნამახვანჰესს“, ეს არის ჩვენი, ქართული პროექტი, საქართველოს კუთვნილი ენერგეტიკული ობიექტი, ჩვენი მომავალი თაობების საერთო სიკეთე, რომელსაც ჩვენ, ყველანი ერთად შევქმნით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, შეიქმნება საბჭო, რომელშიც პროფესიონალი ექსპერტები და რიონის ხეობის მოსახლეობა გაერთიანდება.