მსჯავრდებულების ოჯახის წევრები – ამ უსამართლო განაჩენს ბოლო მოეღება

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული პირების ოჯახის წევრები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.

ერთ-ერთი მსჯავრდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის დედა, ნინო გოგილაშვილი აცხადებს, რომ საქმეს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„ჩვეულებრივი მართული მონა მოსამართლე. რატომღაც გვეგონა გაამართლებდა. რა თქმა უნდა, საქმე მიგვაქვს სტრასბურგში. არ ველოდებოდი გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან მანქანაში ზეზვა და ვახო ისხდნენ, ვასოც იჯდა. თუ ვასოს არ წაუყენეს, მაშინ არც ამათ ეკუთვნოდათ. თუ ვასო მახარაძე გაწიეს ამ მუხლისგან, უნდა გაეწიათ ვახოც და ზეზვაც, ვახოც და ზეზვაც! 2012 წელს ეს მთავრობა მოვიდა სამართლის აღსადგენად და ფსკერზე არიან. ეს არ არის სამართალი“, – განაცხადა ნინო გოგილაშვილმა.

კიდევ ერთი მსჯავრდებულის, არჩილ გაგნიძის დის, თიკა გაგნიძის განცხადებით, გადაწყვეტილება შესაძლოა, აქციით გააპროტესტონ.

„ამ უსამართლო განაჩენს ბოლო მოეღება. რა თქმა უნდა, ყველაფერს სამართლებრივად მივხედავთ. საპროტესტო აქციებს ელოდოს მთელი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში“, – განაცხადა თიკა გაგნიძემ.