ოპოზიცია პროტესტის ფორმას ცვლის – შეხვედრა ენმ-ს ოფისში შედგება

ოპოზიცია პროტესტის ფორმას ცვლის. პარტიების დიდი ნაწილი სახელმწიფო უწყებების პიკეტირებაზე უარს ამბობს.

როგორც ოპოზიციაში ამბობენ, გაგრძელდება აქციები, თუმცა პროტესტი მშვიდობიანი იქნება.

ძალაში რჩება 13 მარტის საპროტესტო აქცია. სხვა გეგმებზე ჩამოსაყალიბებლად დღეს გაერთიანებულ ოპოზიციას არა ლეიბორისტების, არამედ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში უმასპინძლებენ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა ობოლაძე აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით  “ქართულ ოცნებას” სპეკულირებისთვის  მიზეზი აღარ ექნება.

“მაშინ, როდესაც ვართ ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, უნდა გადავწყვიტოთ, მივდივართ ევროპისკენ და ევროპის დაინტერესებას და მათ მედიაციას ვიღებთ და ვხდებით ევროპის ნაწილი ფუნდამენტურად, თუ არა, კონსტიტუციაზე აპელირებით თუნდაც, ჩვენთვის არ არის მისაღები, რაიმე სივრცე დავტოვოთ ხელისუფლების სპეკულირებისთვის. ამიტომ, ჩვენი პროტესტი შემდგომში იქნება კიდევ უფრო ფრთხილი,”-აცხადებს ნიკა ობოლაძე.

“ევროპული საქართველოს” წევრი ლაშა დამენია აცხადებს, რომ, საბოლოო ჯამში, მმართველი გუნდი იძულებული იქნება წავიდეს მოლაპარაკებებზე.

” მიმაჩნია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება იძულებული გახდება წავიდეს მოლაპარაკებებზე, რათა დაძლეულ იქნას ის პრობლემები, რომელიც დღეს ასე ღრმად არის საქართველოს სინამდვილეში,”-აცხადებს ლაშა დამენია.