“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად, პარტიის წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისიდან რუსთავის ციხემდე მანქანებით მორიგი მსვლელობა გამართეს. მსვლელობის მონაწილეებმა აქცია რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან დაასრულეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.
აქციის მონაწილეებს ხელში საქართველოს დროშები ეჭირათ, ასევე სახეზე ნაჭრები წარწერით: ,,Freedom for fox – თავისუფლება მელიას” ეკეთათ.
“ერთი თვეა გახდება მალე, რაც ნიკა მელია პოლიტიკური მძევალია ბიძინა ივანიშვილის. დღევანდელი ჩვენი აქციით გვინდა ვუთხრათ როგორც “ქართულ ოცნებას”, ასევე ყველა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორს, რომ საქართველო არ შეეგუება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას.
ჩვენ ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ პოლიტპატიმრებამა დატოვონ ციხეები და ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ მივიყვანოთ იმ არჩევნებამდე, რომელის მიმართაც არ გაჩნდება კითხვები”, — განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა.