ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებში “ასტრაზენეკას” კოვიდვაქცინა ეტაპობრივად ჩააქვთ. რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ვაქცინა ზოგიერთმა მათგანმა უკვე მიიღო, მუნიციპალიტეტების ნაწილში კი ვაქცინას ელოდებიან.
კოვიდვაქცინის გარკვეული რაოდენობა უკვე ჩაიტანეს მარნეულის, თეთრიწყაროს და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში.
როგორც ადგილობრივ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებში TV4-ს განუცხადეს, მარნეულმა “ასტრაზენეკას” ვაქცინის 1 000 დოზა მიიღო, რომელიც სამედიცინო პერსონალისთვისაა განკუთვნილი. ვაქცინის 500 დოზა მიიღო ბოლნისმა, 200 დოზა კი უკვე ჩაიტანეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშიც. TV4-ის ინფორმაციით, დაახლოებით 70 დოზას ელოდებიან წალკაში.
დილის საათებში მიიღო ვაქცინის 1 400 დოზა რუსთავმაც. სამედიცინო პერსონალს ვაქცინის ჩატარება ქალაქის N1 და N2 დიაგნოსტიკურ ცენტრებში შეეძლებათ.
TV4 სხვა მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით ინფორმაციას აზუსტებს.