შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი

დღეიდან კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა დაშვებული იქნება. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში მიიღო.

რესტორნებმა, შაბათ-კვირის გარდა, შიდა სივრცეებში სტუმრების მიღება ბათუმში პირველი მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით კი 8 მარტიდან განაახლეს, თუმცა ცოცხალი მუსიკა ამ დრომდე არ იყო დაშვებული.

რაც შეეხება შეზღუდვების შემდგომ შემსუბუქებას, პირველი აპრილიდან მუშაობის განახლებას შეძლებენ ​საბავშვო გასართობი ცენტრები და კინოთეატრები.

ასევე, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 28 მარტს დაგეგმილ საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე დაუშვას მაყურებლის დასწრება დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30 პროცენტი. ასევე, ძიუდოში დაგეგმილ გრანდსლემზეც დაიშვება მაყურებელთა 30 პროცენტი.