რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, ნინო ლაცაბიძე რუსთავის “აზოტის” საწარმოში იმყოფებოდა და ქარხანაში დასაქმებულების სამუშაო პირობებს გაეცნო.
მისი განცხადებით, სახელფასო ანაზღაურების გაზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რა პირობებში უწევთ მუშაობა საწარმოში დასაქმებულ ადამიანებს.
ნინო ლაცაბიძის თქმით, ზოგ შემთხვევაში საწარმოში დასაქმებული ადამიანებისთვის სამუშაოდ ღირსეული პირობები არ არის შექმნილი, თუმცა ადმინისტრაცია ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობს და რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს.
“ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც დააყენეს აქ დასაქმებულებმა, იყო სამუშაო პირობები, რომელიც არ შეესაბამებოდა 21-ე საუკუნეს. მთხოვეს, რომ ჩემი თვალით მენახა, რა ხდებოდა. მოვიარე ყველა საამქრო. არის სველი წერილების პრობლემა და რიგ შემთხვევებში მძიმე პირობები, მაგრამ “აზოტს” დაწყებული აქვს რეაბილიტაცია, მოსასვენებელი ოთახების, სველი წერილების. გვიხსნიან, რომ რიგ შემთხვევებში არის დარღვევები.
რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ახალი არაფერი მაქვს, მთელი დღეა ვარ მოსახლეობასთან ერთად და მათთან კომუნიკაციით ვიყავი დაკავებული. რჩება ის პირობა, რომ სჭირდებათ გარკვეული დრო, რომ ზუსტად თქვან, მატების რა რაოდენობაზე იქნება საუბარი. ამიტომ მეც ველოდები მათთან ერთად, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას აზოტის მხრიდან. “- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
როგორც პარლამენტის წევრმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა განაცხადა, მოლაპარაკებები გრძელდება და კონკრეტულ პასუხს ელოდებიან.
“მოლაპარაკებები გრძელდება, ველოდებით პასუხს. კონკრეტიკა არ არის, არის მზაობა, რომ მოამატებენ, ამათ ვემუშავებით, რომ ციფრებში გადაყვანილი, კონკრეტული პასუხი ვუთხრათ. შეიძლება დღეს არ თქვან, მაგრამ ჩვენც ამ ხალხის გვერდით ვიდგებით” – განაცხადა ალექსანდრე დალაქიშვილმა.