პოლიციამ დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სამართალდამცავებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი ყვარელში დააკავეს. როგორც შსს-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა ლაგოდეხში მდებარე კაფეში ურთიერთშელაპარაკების დროს ერთ-ერთ პირს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა.

„ გამოძიებით დადგინდა, რომ ა.მ.-მ ლაგოდეხის სოფელ კაბალში მდებარე ერთ-ერთ კაფეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1986 წელს დაბადებულ ე.ი.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 3-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.