საქართველოში “ასტრაზენეკას” დამატებით დოზებს აპრილის თვეში ელოდებიან, ხოლო “ფაიზერის” დამატებითი რაოდენობა ქვეყანამ ზაფხულში უნდა მიიღოს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“აპრილის ბოლოს უნდა მივიღოთ დამატებით AstraZeneca-ს დოზები, Pfizer-ის დოზების დამატებითი რაოდენობა, მცირე რაოდენობა covax-დან უნდა მივიღოთ ივნისის თვეში. Pfizer-თან პირდაპირი მოლაპარაკების შედეგებს ცოტა ხანში შეგატყობინებთ”, – განაცხადა გაბუნიამ.
ჩინურ Sinopharm-ის ვაქცინასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიოლოგიური სურათის გაუარესების შემთხვევაში იმსჯელებს, დაელოდებიან თუ არა ავტორიზაციას.
რაც შეეხება კიდევ ერთ ჩინურ ვაქცინას “სინოვაკს”, გაბუნიას განცხადებით, მას ჯერ არცერთი მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია არ აქვს, ამიტომ სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, ჯერ მისი გამოყენება ქვეყანაში არ მოხდება.