რუსთავის მერი: მზაობა არის, კეთილგანწყობა არის, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ

“მზაობა არის, კეთილგანწყობა არის, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ,”- ამის შესახებ რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ “აზოტის” საწარმოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებს განუცხადა.

როგორც ქალაქის პირველი პირი ამბობს, კომპანიისგან ხელფასების გაზრდის მზაობა არის, თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე ჯერჯერობით დეტალურად საუბარი არ შეუძლია.

“გავიარეთ, რომ სამართლიან მოთხოვნებთან ერთად, იყოს ის ადეკვატური პასუხი და იმ შედეგზე გავიდეთ, რაც ჩვენ გვჭირდება. ის, რაც ვისაუბრეთ, გარკვეული ინფორმაციები აღებულია. ეს შეჯერდება, გამოვლენ და გეტყვიან , თუ გინდათ მეც გეტყვით, ამ ხალხთან ერთად, ვინც თქვენ ჩათვალეთ საჭიროდ(საინიციატივო ჯგუფი)  და ვისაც ენდობით, მოვიდეს ის ადვოკატიც.

ჩვენ თუ ეს საკითხები არ გავიარეთ, ესე კონკრეტულად ძალიან ბევრი თემაა. თუ დეტალიზაციაზე არ ჩავედით, აქ ჩვენ შეიძლება სამი საათი ვილაპარაკოთ და ვერ გავიგოთ.

სპეციფიური საკითხებია და იმ შეხვედრიდან მარტივ თემატიკებს გამოვიტანთ და აგიხსნით. რაღაც საკითხებია გასავლელი და ეგ მინდა თქვენთან შევათანხმო” – განაცხადა რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ.