ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გავრცელებულ კვლევის შედეგებს ეხმაურება, სადაც 2020 წელს გაცემული პრემიებსა და დანამატებზეა საუბარი.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“მოგახსენებთ, რომ 2020 წლის განმავლობაში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებზე და ადმინისტრაციაში დასაქმებულ მოხელეებზე, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის დანამატები, აღნიშნულ პერიოდში მოქმედი საკანონმდებლო ნორმების სრული დაცვით, ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გაიცა.

გარდა ამისა ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ზვიად ჭუნაშვილის 2020 წლის თანამდებობრივი სარგოს-დანამატის შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს – ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში დანამატის ოდენობა განსაზღვრულია 10 050 ლარით, რეალურად კი აღნიშნული, ჯამში შეადგენს 6 250 ლარს.”-ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით,  შეისწავლეს სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციის მიერ 2020 წელს გაწეული ხარჯები, რამაც ჯამურად 5 182 978 ლარი შეადგინა.

ამასთან, როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია “2020 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ 4,297,151 ლარი შეადგინა, რაც 49,459 ლარით მეტია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (4,247,692 ლარი) შედარებით; ამავე პერიოდში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ჯამში 65,920 ლარი გაიცა, რომლის ძირითადი ნაწილი – 56,370 ლარი ქვემო ქართლის ადმინისტრაციაზე მოდის”.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ვრცლად ვებ-გვერდზე (“სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების ხარჯები 2020 წელს”) შეგიძლიათ გაეცნოთ.