ღარიბაშვილი: ქართული ჯარი არის ჩვენი თავისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი

“დღევანდელი დღე სიმბოლურად განასახიერებს ქართველი ხალხის პატრიოტიზმს და მუდმივ მზაობას, დაიცვას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ჩვენი ხალხის თავისუფლება, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საკუთარი ღირსეული წვლილი შევიტანოთ მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცებაში,“- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა სამხედროებს ქართული ჯარის 30 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართული ჯარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და თავისუფლების უმთავრესი გარანტია.

„დღევანდელი დღე მინდა, მივულოცო ყველა სამხედროს, რომლებიც ღირსეულად, უმაღლესი პროფესიონალიზმითა და თავდადებით ემსახურებით ჩვენს სამშობლოს და მზად ხართ, დაიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება. მინდა, მივულოცო ჩვენს საამაყო ვეტერანებს, რომლებიც ამაყად და შეუდრეკლად იცავდით ჩვენი ქვეყნის მთლიანობასა და მის სუვერენიტეტს. მინდა, მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს, რადგან ქართული ჯარი არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და თავისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი და ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი სიმბოლო. მინდა, პატივი მივაგო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და მსოფლიო მშვიდობისთვის დაცემულ ჩვენს გმირებს, ჩვენს სასახელო მებრძოლებს, რომელთაც თავი გასწირეს საქართველოსთვის. მათ ყველას აჩვენეს ქართველი კაცის მებრძოლი სული და სამშობლოსთვის თავდადება. ქედს ვიხრით მათი გმირობის წინაშე. ვულოცავ და მადლიერებას გამოვხატავ ჩვენი დაჭრილი, დაშავებული მებრძოლებისადმი, რომლებიც თავიანთი გაუტეხელი და დაუმარცხებელი სულისკვეთებით სიამაყით გვავსებენ. დღევანდელი დღე სიმბოლურად განასახიერებს ქართველი ხალხის პატრიოტიზმს და მუდმივ მზაობას, დაიცვას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ჩვენი ხალხის თავისუფლება, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საკუთარი ღირსეული წვლილი შევიტანოთ მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცებაში,“- განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სახელმწიფო კიდევ უფრო გააძლიერებს ძალისხმევას თავდაცვის ძალების განმტკიცებისთვის, მოდერნიზებისა და სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალური პირობების უზრუნველსაყოფად.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო და მეამაყება, რომ ამ პროცესში, მინისტრის რანგში ქმედითი ნაბიჯები გადავდგით თავდაცვის ძალების გაძლიერების, აღმშენებლობისა და განვითარების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრის რანგში კი გპირდებით, გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ძალისხმევა თავდაცვის ძალების განმტკიცების, თანამედროვე, ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტების დანერგვის, შეიარაღების მოდერნიზების და სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალური პირობების უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.