შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს მძევლად 7 ადამიანი ჰყავდა აყვანილი.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, მეტროსადგური “ავლაბრის” მიმდებარე ტერიტორიაზე, “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით, 1 პირი – 1993 წელს დაბადებული ნ.წ. დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული ნ.წ. თბილისში, დუშეთის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში დღის პირველ ნახევარში შეიჭრა და 7 ადამიანი მძევლად აიყვანა. ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება და დაიწყო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ნ.წ. ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.