აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოშია. როგორც მისი ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, თუკი პროკურატურას კითხვები ექნება, აფგან მუხთარლი მზად არის, პასუხები გასცეს.
„ის აქამდეც ცდილობდა საქართველოში ჩამოსვლას, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა. ის დღეს უკვე თბილისშია და მზად არის პროკურატურის კითხვებს უპასუხოს, თუ ასეთი იქნება, მას აქვს გარკვეული ეჭვები, რომელიც ნამდვილად არ არის უსაფუძვლო და იმედია, რომ ახლა მაინც გამოიყენებს პროკურატურა ამ საშუალებას და გახსნის დანაშაულს. გამოძიება ტარდებოდა იმისთვის, რომ ჩატარებულიყო გამოძიება და არა იმისთვის, რომ დანაშაული გახსნილიყო. დასაყრდენი პროკურატურის მხრიდან, რომელიც ამ მოსაზრებას შეცვლიდა, ასეთი რამე დღემდე არ ყოფილა. რატომ ვერ გაირკვა ვინ არიან გამტაცებლები, რატომ მოხდა მისი გატაცება და რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით?“, – განაცხადა ჩოფიკაშვილმა.