“აზოტთან” აქციის მონაწილეები კომპანიის წარმომადგენლებს მხოლოდ მედიის თანდასწრებით შეხვდებიან

“რუსთავის აზოტში” დასაქმებულები, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ, საწარმოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდებიან. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ შეხვედრა მედიის თანდასწრებით გაიმართოს, რასაც ქარხნის მენეჯმენტი არ თანხმდება.

TV4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, შეხვედრაზე აქციიდან 30 ადამიანი უნდა შევიდეს, თუმცა ჯერჯერობით საწარმოს წარმომადგენლებიმედის დასწრებას გამორიცხავენ. თავის მხრივ აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მედიის წარმომადგენლების გარეშე კომპანიასთან მოლაპარაკებების გამართვას არ აპირებენ.

როგორც “რუსთავის აზოტის” გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტს არ შეწყვეტენ და ტერიტორიაზე კარვებს გაშლიან.

“აზოტში” დასაქმებულები საწარმოსთან დღეს დილიდან შეიკრიბნენ. ისინი სახელფასო ანაზღაურების 20%-ით გაზრდას ითხოვენ. მათი თქმით ანაზღაურების გაზრდის დაპირება, მათ კომპანიამ მისცა, თუმცა პირობა არ შესრულდა.