აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული ბოლნისელი მეომრის ლევან მემანიშვილის ნეშტი იდენტიფიცირებულია,- ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, 1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპული ბოლნისელი მებრძოლის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის მფლობელი სამხედროს, ლევან მემანიშვილის ნეშტის იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი.
“23 აპრილს, 15:00 საათზე მოხდება იდენტიფიცირებულ 12 ნეშტთან ერთად, ლევან მემანიშვილის ნეშტი, ქ. თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში გადასვენება.
24 აპრილს, 16:00 საათზე კი ქ. ბოლნისში ლევან მემანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი სასაფლაოს მიმდებარედ არსებულ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გაიმართება. აფხაზეთში დაღუპული მებრძოლი, სამხედრო პატივით, ბოლნისის საძმო სასაფლაოზე დაიკრძალება.”-ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.