ბაქრაძე: არ მოწონს რიგგარეშე არჩევნების თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა

დოკუმენტში წინა ვერსიასთან შედარებით, შეტანილია ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ამ დოკუმენტს აუმჯობესებს, ეს ცვლილებები შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს და საუბარია არის მკაფიოდ ორი ადამიანის გამოშვებაზე, მკაფიო ვადებზე და მექანიზმებზე, როგორ უნდა მოხდეს ამის განხორციელება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტპატიმრების ნაწილში ოპოზიციამ ძალიან დიდწილად მიიღო ის, რასაც ელოდა და ითხოვდა.

„ეს ცვლილებები შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს და საუბარია არის მკაფიოდ ორი ადამიანის გამოშვებაზე. საუბარი არის მკაფიო ვადებზე და მექანიზმებზე, როგორ უნდა მოხდეს ამის განხორციელება. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტპატიმრების ნაწილში ოპოზიციამ ძალიან დიდწილად მიიღო ის, რასაც ელოდა და ითხოვდა, ორივე ადამიანი, ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში. რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით განსხვავებით წინა დოკუმენტისგან, სადაც არჩევნები არ იყო ნახსენები, ეს დოკუმენტი განსაზღვრავს მექანიზმს, როდის და როგორ შეიძლება ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. ეს არის ბმა ადგილობრივ არჩევნებთან. მე ახლაც მიმაჩნია, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მიბმა არ არის საუკეთესო და სწორი გზა რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად. ახლაც მიმაჩნია, რომ 43 პროცენტი არის ალოგიკური რიცხვი ვინაიდან, სრულიად ლოგიკური იქნებოდა ყოფილიყო 48 პროცენტი, ანუ იგივე, რაც „ოცნებამ“ აიღო საპარლამენტო არჩევნებზე. კარგად გვესმის, რომ ეს დოკუმენტი არის კომპრომისის შედეგი და კომპრომისს ხანდახან მოაქვს ალოგიკური და თუნდაც მძიმედ მხარდასაჭერი შეთანხმებებიც, ამიტომ ჩემთვის ამ დოკუმენტში პრობლემური გახლავთ სწორედ რიგგარეშე არჩევნების საკითხი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნების ადგილობრივ არჩევნებზე მიბმა არ არის კარგი მექანიზმი.

„დღეს ყველამ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ერთობლივი განცხადება. სრულიად კატასტროფულად მიმაჩნია, ამ ქვეყნის მომავლისთვის, ისევე როგორც ოპოზიციის სამომავლო ბრძოლისთვის, რომ ამ ქვეყანაში ოპოზიცია დაუპირისპირდეს დასავლეთს, პროდასავლური ნიშა მთლიანად დაიკავოს აბსოლუტურად არადასავლურმა „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენი მომავალი წარმატებისთვის და ოპოზიციის მომავალი გამარჯვებისთვის, ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სწორედ დასავლეთის მხარდაჭერას და დასავლეთის პოზიციას, ამიტომ ამ დოკუმენტს განვიხილავ ძალიან სერიოზულად. ვიფიქრებ, პოლიტსაბჭოს აღარ და ვეღარ დავეკითხები ასეთის არარსებობის გამო, მაგრამ ფიქრის უფლება მაქვს ნამდვილად და იმ ვადაში, რა ვადაშიც პარტიები და სხვა პარლამენტის წევრები გააცნობენ საზოგადოებას საკუთარ პოზიციას, მე ამ პოზიიციას საზოგადოებას გავაცნობ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.