გაბუნია აღდგომის დღესასწაულზე – შესაძლოა, დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით დამატებით რაიმე სახის შეზღუდვა არ იგეგმება.

მისივე თქმით, დაახლოებით ათი დღის განმავლობაში დააკვირდებიან ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას. დაკვირვების შემდეგ, შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვების დაწესების საკითხი დადგეს.

„ჯერჯერობით რაიმე გადაწყვეტილება რომელიმე სახის აკრძალვაზე არ არის. თუმცა, სააღდგომო დღესასწაულამდე თითქმის ათი დღეა. ეს პერიოდი ხშირ შემთხვევაში, ცვლის ეპიდემიურ სურათს. ასე რომ, უნდა ვნახოთ, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები. შესაძლოა, დამატებითი შეზღუდვების დაწესების საკითხი დადგეს. რა თქმა უნდა, ამას ვერ გამოვრცხავთ. ის წესები, რაც აქამდეც არაერთხელ გავიარეთ საპატრიარქოსთან ერთად და რაც ზოგადად, ეპიდემიურად უსაფრთხო გარემოს ქმნის რელიგიური მსახურების პროცესში, ყველასთვის ცნობილია. ბუნებრივია, სააღდგომო დღესასწაულზეც ამ წესების დაცვა მნიშვნელოვნად მიგვაჩნია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.