გაბუნია: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში კოვიდსასტუმროების დამატების საჭიროებაც გამოიკვეთა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის ფონზე მნიშვნელოვანია, რომ პრევენციული ღონისძიებები ზედმიწევნით კარგად იყოს დაცული.

მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, გაიზარდა მიმართვიანობა ჰოსპიტალურ სექტორზეც. გაბუნია აცხადებს, რომ გამოიკვეთა კოვიდსასტუმროების დამატების საჭიროებაც.

„გაიზარდა დაწოლა ჰოსპიტალურ სექტორზეც. 4 400 საწოლიდან 3 600 არის დაკავებული, მათ შორის 500-ზე მეტი პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, 90-მდე რეანიმაციაში. რა თქმა უნდა, არიან პაციენტები კოვიდსასტუმროებშიც. კოვიდსასტუმროების დამატების საჭიროებაც გამოიკვეთა როგორც თბილისში, ისე ბათუმსა და ქუთაისში. ბინებზეც ონლაინკლინიკები ინტენსიურად მუშაობენ, რათა ბინაზე მყოფი პაციენტების მეთვალყურეობა გაგრძელდეს“ , – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.