რა შემთხვევაში გამკაცრდება შეზღუდვები – გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დაწესდება თუ არა ქვეყანაში კვლავ მკაცრი შეზღუდვები, ეს საზოგადოებაზეა დამოკიდებული.

როგორც გაბუნია განმარტავს, ამ ეტაპზე მხოლოდ უკვე დაწესებული ზომების პროცესის გამკაცრებაზეა საუბარი. მისივე თქმით, თუკი, ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება, მობილობის შეზღუდვის გარკვეულ მექანიზმებს ისევ გამოიყენებენ.

“უკიდურესად მნიშვნელოვანია დიდი თავყრილობების, ქორწილის და სხვა სოციალური ღონისძიებების შეწყვეტა და მისი ჩატარება შეზღუდულ ფარგლებში. ეს არის ძალიან დიდი რისკი და ის ზომები, რომელიც დაწესებულია, უნდა აღსრულდეს. ჯერჯერობით ამაზე ვსაუბრობთ, რომ უკვე დაწესებული ზომების პროცესი გამკაცრდეს, მაგრამ თუ ტენდენციები ამგვარი მატებით გაგრძელდა, რა თქმა უნდა, მოგვიწვეს დავუბრუნდეთ იმ შეზღუდვებს, რომელიც გამოვიარეთ და აქედან მობილობის შეზღუდვის გარკვეული მექანიზმები ისევ გამოვიყენოთ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დაიცავს საზოგადოება უკვე დაწესებულ წესებს, ეს იქნება გარანტია იმისა, რომ ჩვენ აღარ მოგვიხდეს მეტი მკაცრი შეზღუდვებისკენ დაბრუნება“, – განაცხადა გაბუნიამ.