ჩვენ ვსაუბრობთ „კლასტერებზე“, რომელთა ინდენტიფიცირება შესაძლებელია და ასევე, ვსაუბრობთ შემთხვევებზე, რომლებიც რომელიმე კლასტერთან დაკავშირებული არ არის, რაც გახლავთ ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ ინფექცია ცირკულირებს და ვრცელდება, ამიტომ რისკები მისი შემდგომი გავრცელების, რა თქმა უნდა, მაღალია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ჰოსპიტალური სექტორი სრულ მზადყოფნაშია იმისათვის, რომ პაციენტების მზარდი რაოდენობა მიიღოს.
„გასული 24 საათის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა 1300-ს აჭარბებს, გარდაცვლილია 11 პაციენტი, გარდაცვალების მაჩვენებელი ნარჩუნდება 1,3%-ზე, შემთხვევების უდიდესი ნაწილი იყო თბილისში – 756 შემთხვევა, შემდეგ აჭარაში და დანარჩენი რაოდენობა სხვა ქალაქებში. რაც შეეხება აქტიური პაციენტების რაოდენობას, ანუ პაციენტი, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან მკირნალობის პროცესში, 8 000-ია ასეთი პაციენტი. ისინი განაწილებულები არიან ბინაზე, ონლაინ კლინიკების მეთვალყურეობის ქვეშ, ასევე კოვიდ-სასტუმროებში და ასევე 2445 პაციენტი იმყოფება კლინიკებში, 400 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და 81 პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში. რა თქმა უნდა, ჰოსპიტალური სექტორი სრულ მზადყოფნაშია იმისათვის, რომ პაციენტების მზარდი რაოდენობა შესაბამისად მივიღოთ.
საქართველოში ვირუსის გავრცელება არის ფართო და ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ კლასტერებზე, რომელთა ინდენტიფიცირება შესაძლებელია და ასევე ვსაუბრობთ შემთხვევებზე, რომლებიც რომელიმე კლასტერთან დაკავშირებული არ არის, რაც გახლავთ ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ ინფექცია ცირკულირებს და ვრცელდება, ამიტომ რისკები მისი შემდგომი გავრცელების, რა თქმა უნდა, მაღალია“, – განაცხადა გაბუნიამ.
ამასთან, გაბუნიას თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
„22 090 პირი იყო ვაქცინირებული დილის მდგომარეობით. ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება. გუშინ დაემატა ვაქცინაციის ბრიგადები „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ ანუ ვაქცინაციის ადგილები „ასტრაზენეკასთვის“ არის საკმარისი თბილისისთვის და რა თქმა უნდა, სხვა რეგიონებშიც საკმარისია“, – აღნიშნა გაბუნიამ.